სააპელაციო სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს, დღეს 5 მსჯავრდებულის ადვოკატი შესავალ სიტყვას წარმოთქვამს, დააყენებენ შუამდგლობებსაც.
"ჩვენ გვექნება რამდენიმე შუამდგომლობა. ერთ-ერთი ეხება იმას, რომ საქმე სასამართლომ ღია რეჟიმში განიხილოს, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი პირი იყო, დღეს ის უკვე აღარ არის არასრულწლოვანი. რადგან ეს საქმე არის გახმაურებული და საზოგადოების მაღალი ინტერესი არის მის მიმართ, დარწმუნებული ვართ, სააპელაციო სასამართლო უბრალოდ იქნება გამტარი ინსტანცია,"- აცხადებს არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.
"დაცვის მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროცესი გადაედოთ. დღეს შევიკრიბეთ და იმედი გვაქვს დაიწყება პროცესი. მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, ისინი იტყვიან, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები არიან. რომელ მათგანს რა დანაშაული აქვთ და რა ჩაიდინა, პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე გვითხრა. ხუთივე მათგანმა სასტიკად მოკლა გიორგი შაქარაშვილი,"- აცხადებს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.
პროცესი აქციის პარალელურად წარიმართება, რომელსაც მსჯავრდებულების ოჯახის წევრები მართავენ.
"ჩვენ ვითხოვთ სამართლიან სასამართლოს და ობიექტურ გამოძიებას, რომელიც პირველ ინსტანციაში არ გვეღირსა. ბიძინა სტურუამ, მონა მოსამართლემ, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა აბსოლუტურად მტკიცებულებების გარეშე. პროკურატურამ და მოსამართლემ მათ მოატყუა და ჩვენ სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ,"- ამბობს მსჯავრდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმა ვახო რევაზიშვილი.
ცნობილია, რომ ხუთივე მსჯავრდებული პროცესს დაესწრება.