მას შემდეგ რაც საქართველოში იმუნიზაცია დაიწყო, გარდაცვლილთა შორის არც ერთი აცრილი არ არის. 15 მარტიდან დღემდე, ვირუსს 1668 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა 98,6 % ვაქცინირებული არ იყო. ქვეყანაში ორჯერადად აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა.
ჯანდაცვის სპეციალისტებმა სტატისტიკის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრეს და მოსახლეობას ვაქცინაციის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენეს.
აცრის ტემპი დღეს არის ძალიან დაბალი-მასობრივი ვაქცინაციის პირველ დღეს სულ ორი ათასამდე მოქალაქე აიცრა, მაშინ როდესაც გეგმა დღეში 25 ათასია.
იმისათვის, რომ მიმართვიანობა გაიზარდოს მიიღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილება - ვინც რეგისტრაციას ონლაინ ვერ ახერხებს, შეძლებს ეს პროცედურა ამცრელ კლინიკაშიც გაიაროს. პარალელურად, ქვეყანაში ეპიდრისკები იზრდება - საფრთხე კი ახალ ინდურ შტამს უკავშირდება.
ქვეყანაში ვირუსის საფრთხეები ყოველდღიურად იზრდება. სტატისტიკური მონაცემები გაორმაგებულია. გაზრდილია ყველა ის ინდიკატორი, რომელიც საზოგადოებაში ვირუსი გავრცელების არეალს განსაზღვრავს.
ლაბორატორიულად დელტა ვარიანტის უკვე 52 დადასტურებული ფაქტია, კვლევა დამატებით 5 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს.
არც ერთი თავისუფალი ადგილი აღარ აქვს უკვე ინფექციურ საავადმყოფოს. კლინიკაში პაციენტები ერთმანეთს ენაცვლებიან. ბოქსირებული განყოფილების უფროსი "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მომატებულია მძიმე პაციენტების რაოდენობა.
სპეციალისტებს შეცვლილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და კლინიკებში არსებული სიტუაცია აშინებთ. ამბობენ, რომ ქვეყანა ნაადრევად მიუახლოვდა გასული წლის შემოდგომის მონაცემებს.
ივლისში კიდევ 2 ვაქცინა შემოვა საქართველოში. მოქალაქეებს პრეპარატებს შორის არჩევნის შესაძლებლობა ექნებათ. ვაქცინების ფაქტორია ჯანმრთელობა დააზღვიოს.