თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი დასრულდა.
აღნიშნულ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაიკითხებიან.
სასამართლო პროცესს არ ესწრება თავად ბრალდებული.
ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის მხოლოდ პოლიციის სამი თანამშრომელია დაკითხული.
"პოლიციელებმა ერთადერთი რაც თქვეს არის ის, რომ მიიღეს დაზიანებები და ეს დაზიანებები მათ მიიღეს ხელისუფლების უგუნური გადაწყვეტილების გამო. მათ ნიკა მელიასთან შემხებლობა არ ჰქონათ,"- აღნიშნა კონდახიშვილმა.
საქმის პროკურორის განცხადებით კი, ნიკანორ მელიას საქმის განხილვა 15 ივლისს გაგრძელდება. ამირან გულუაშვილის თქმით, სამივე მოწმემ სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.
ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.