TV პირველის ერთ-ერთი ხელმძღვანელმა ინგა გრიგოლიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პირობა დადო, რომ ლექსო ლაშქარავას მკვლელობასთან და ზოგადად, ძალადობის საქმესთან დაკავშირებით ბრძოლას "ბოლომდე მიიყვანს".
"ჩემი რელიგია მე რომ მიყვარს, ჩემი ეკლესია მე რომ მიყვარს, ძალადობას ემიჯნება, ძალადობას არ ქადაგებს. სირცხვილი ყველა იმ წვერიანს თუ უწვეროს, აი აქ [რუსთაველზე] სპეცოპერაციას რომ გვიტარებდნენ.
რამდენიმე დღის წინ "ტვ პირველში" შემოვარდნას რომ აპირებდნენ და ამის დასტური იყო იქ უეცრად მობილიზებული პოლიცია, ლექსო საავადმყოფოდან გამოიპარა ხალათით და იქ მითხრა: ეს საქმე ხომ უნდა მივიდეს ბოლომდეო, არ მაქვს ამ ქვეყანაში გამოძიების იმედიო, ხომ წავიღებთ სტრასბურგშიო?!
ახლა მე მინდა მკვდარ ლექსოს მივცე პირობა: ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს," - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
"ტელეკომპანია პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი დღეს დილით დედამ იპოვა. გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების მიერ "სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის კლინიკიდან 8 ივლისს გაწერეს.