03 სექტემბერი 2026,   19:20
ვრცლად
ვინ არის კიდევ ერთი დაკავებული მოძალადე - 5 ივლისის შემდეგ, დავით კუტალაძე დაუსჯელი დადიოდა და ვიდეომიმართვებს ავრცელებდა

მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში, "TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ ერთი პირი - 29 წლის კაცი დააკავა.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა 5 ივლისს, ჟურნალისტსა და ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დავით კუტალაძე მეხუთე პირია, ვინც საგამოძიებო უწყებამ ლექსო ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ ძალადობისთვის დააკავა. 5 ივლისის შემდეგ დაკავებამდე დავით კუტალაძე ძალადობის შემცველ მიმართვებს პერიოდულად კიდევ ავრცელებდა.

"TV პირველის" ჯგუფზე ძალადობისთვის, რამდენიმე დღის წინ 4 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. რაც შეეხება 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიან ღამით კიდევ ერთი ვიდეო-მასალა გაავრცელა. 

გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს. ლექსო ლაშქარავას დედა ამბობს, რომ ვერსია, რომელიც ვრცელდება გარდაცვლილის შეურაცხყოფაა.

ექსპერტიზის ბიუროდან ლექსო ლაშქარავა სახლში გვიან ღამით გადაასვენეს. საქმეში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტიც, რომელიც ამ შემთხვევაში ოჯახისა და ტელეკომპანია "TV პირველის" მხარეს წარმოადგენს. ალექსანდრე გეჯაძემ მედიასთან იმ დაზიანებაზე ისაუბრა, რაც გარდაცვლილს აღენიშნებოდა. 

გამოძიების ობიექტურობის არ სჯერა ოპოზიციას. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ სამართლებრივი ხრიკებით დაკავებულების გათავისუფლება მოხდება. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ რომ ყველა უნდა დაელოდოს ობიექტური გამოძიების შედეგებს.

დღის ამბები