04 სექტემბერი 2026,   04:57
ვრცლად
Pfizer-ზე ძალიან მაღალი აქტივობა და მონდომება ჩანს მოქალაქეების მხრიდან - რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე

თითქმის 4-თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე შემოსული 28 ათასი დოზით სულ 14 ათასამდე ადამიანი უნდა აიცრას. რეგისტრაციის დროს ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობდა, იყო გაზრდილი მიმართვიანობა, ამიტომ მოქალაქეების ნაწილმა რეგისტრაციის გავლა ვერ შეძლო.

"პროცესი დილის 9 საათზე დაიწყო და მშვიდად მიმდინარეობს. ძალიან მაღალი აქტივობა და მონდომება ჩანს მოქალაქეების მხრიდან, განსაკუთრებულად Pfizer-ის ვაქცინაზე,"- აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე.

ვაქცინაციაზე მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ Pfizer-ის ვაქცინა მათში უფრო მეტ ნდობას იწვევს. 

ამერიკული პრეპარატით იმუნიზაცია მოქალაქეებს, პირველ ეტაპზე, 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ, პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა სამედიცინო დაწესებულებებისა და ბრიგადების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. ქვეყანაში ამ დროისთვის 28 000 დოზა Pfizer-ია შემოსული და ივლისის განმავლობაში ეტაპობრივად დამატებითი დოზები შემოვა. 

დღის ამბები