მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ლიკა მუმლაძე "დღის კურიერში" ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის კორონავირუსის დადასტურებული ე.წ. დელტა შტამით კლინიკაში 2 პაციენტი იმყოფება.
მისივე განმარტებით, COVID-19-ის წინა ტალღის დროს დაავადება მაღალი ცხელებით არ იწყებდა პროგრესირებას, ტემპერატურის მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო. ლიკა მუმლაძე ასევე ე.წ. ინდური შტამის სიმპტომებზე საუბრობს.
"დადასტურებული დელტა შტამით გვყავს მხოლოდ 2 პაციენტი, თუმცა კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ამოსავალი წერტილი არ არის ამისი ლაბორატორიული დადასტურება. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით, დაახლოებით 60-70% პაციენტებისა არის დელტა შტამით.
დაავადების გავრცელების და კლინიკური მიმდინარეობის გათვალისწინებით, ჩვენ ექიმებს, ეპიდემიოლოგებს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს მუტირებულ შტამთან საქმე.
არის მწვავედ დაწყებული დაავადება, სწრაფად პროგრესირებადი, მაღალი ცხელებით მიმდინარეობს და საწყის ეტაპზე დაავადებას აქვს ვირუსული სურდოს მსგავსი სიმპტომატიკა, ცხვირის გაჭედვა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სურდო, ყელის ტკივილი და ჰექტიური ცხელება - 39 და უფრო მაღალი ტემპერატურა.
წინა ტალღის დროს ასეთი მაღალი ცხელებებით არ იწყებოდა დაავადება, შედარებით დაბალი იყო ტემპერატურის მაჩვენებელი და ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის სურათი ნაკლებად იყო გამოხატული, ახლა უფრო წინ წამოიწია ამ ჩივილებმა," - განაცხადა ლიკა მუმლაძემ.