23 სექტემბერი 2021,   18:44
ვრცლად
რა უნდა ვქნათ, როდესაც მთვარეული ოჯახის წევრი გვყავს - არის თუ არა რეკომენდებული ძილში მოსიარულე ადამიანის გაღვიძება

მრავალი მითი არსებობს მთვარეულ და ძილში მოსიარულე ადამიანებზე, მაგრამ არის თუ არა საშიში მათი გაღვიძება? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უკვე შესაძლებელია.

მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ყოველი მეხუთე ადამიანი პოტენციური მთვარეულია, რომელიც ღამ-ღამობით ძილის დროს დგება და სიარულს იწყებს. ჯამში, მსოფლიოს ბავშვების 20 პროცენტს აქვს ასეთი პრობლემა. კვლევებმა ისიც ცხადყო, რომ ზრდასრული ადამიანების მხოლოდ 1.5 პროცენტი არის მთვარეული. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ იდენტური ტყუპებიდან თუ ერთს მაინც აქვს მსგავსი სიმპტომები, მეორეც აუცილებლად მიდრეკილი იქნება ძილში სიარულისკენ.

როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ადამიანები მაშინ დგებიან საწოლებიდან, როდესაც მათი ტვინი ყველაზე ღრმა ძილშია ჩაძირული. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ დროს სხეული პარალიზებულია, რათა ადამიანმა თავი არ დაიშავოს მძაფრი სიზმრების შემთხვევაში. სწორედ ძილის ამ ფაზიდან გადადის ტვინი REM ძილის რეჟიმში. ეს კი ის დროა, როდესაც მთვარეულები ძილის დროს დგებიან.

მოსაზრება, რომ ძილში სიარულისას ადამიანს არ შეუძლია თავის დაზიანება, მითია. 2005 წელს 15 წლის მთვარეული გოგო ძილის დროს 40 მეტრიან სამშენებლო ანძაზე აძვრა, საბედნიეროდ, მისი გადარჩენა მოხერხდა. 2016 წელს მკვლევარმა თომას საუტერმა ჩაატარა გამოკვლევა და შეამოწმა Swiss Hospital-ის ბოლო 15 წლის ფაილები, სადაც აღმოაჩინა 8 შემთხვევა, როდესაც მთვარეულები სერიოზული დაზიანებებით იყვნენ საავადმყოფოში შეყვანილი.

ასე რომ, უნდა გავაღვიძოთ თუ არა ჩვენი ოჯახის წევრები ძილში სიარულის დროს? ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ შეიძლება ამით შევაშინოთ კიდეც. აქედან გამომდინარე საუკეთესო გზაა ჩვენ გავუძღვეთ მათ შეუცნობელ მარშუტს და ლოგინისკენ თავადვე გავუძღვეთ. ამით სრულიად გავაქრობთ მათი დაზიანების შანსს, დილით კი არაფერი ემახსოვრებათ.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები