ბათუმში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების მუხლით დაკავებული მამაკაცის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას უარყოფს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ 14 წლის არასრულწლოვანმა საკუთარი სტრესული მდგომარეობის ინსცენირება მოახდინა.
მისივე თქმით, ვიდეოჩანაწერი, რომელიც არასრულწლოვნის ემოციებს აღწერს, ინსცენირებაა პოლიციაში წარდგენის მიზნით.
"ბრალდება ემყარება მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, ეს გახლავთ მცირეწლოვნის, 14 წლის ბავშვის ჩვენება, სხვა მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. პოლიციაში გაკეთებულ შეტყობინებაზე ვამბობ, თითქოსდა, ეს იყო სექსუალური ძალადობა და, თითქოსდა, ეს იყო გაუპატიურების მცდელობა. ხდება ძალიან უნიჭო ინსცენირება ამ სტრესის და შემდეგ მიაქვს პოლიციაში. პოლიციაში მიტანის მიზნით იქნა ეს ჩანაწერი გაკეთებული. დაზარალებულად ცნობილი გოგონას დედა თავს დაესხა ბრალდებულს, დაარტყა სახეში, სცემა მისი დედა და სახეში ხელი გაარტყა 9 წლის ბავშვს,"- ჰყვება ბრალდებულის ადვოკატი.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა, რომელიც ბათუმში ერთ-ერთ რესტორანს მართავს, 14 წლის გოგონა მიმტანად დაასაქმა. როგორც არასრულწლოვანის დედის ჩვენებიდან ირკვევა, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ რესტორნის მმართველს მცირეწლოვანი გოგო საკუთარი ავტომობილით მიჰყავდა სახლში, რადგან ისინი ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ. დედის ჩვენების მიხედვით, სწორედ ამ პერიოდში ჩაიდინა მამაკაცმა არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება.
როგორც ირკვევა, არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ დედას უამბო, რის შემდეგაც ბრალდებული დააკავეს.
დაკავებული მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა, რამდენიმე დღეში კი, სავარაუდოდ, საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა ჩაინიშნება.