თბილისის მერის განცხადებით, თბილისის ქუჩების უმრავლესობიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა საღამოს 10-დან დილის 6 საათამდე მოხდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პროექტი, რომელიც აქამდე საპილოტე სახით ხორციელდებოდა, მთელ ქალაქზე გავრცელდება და ამისთვის უკვე მზადაა "თბილსერვისიც" და ნაგვის გამტანი 100- მდე მანქანაც:
"ჩვენ საპილოტე პროექტი დავიწყეთ, რომელიც ნარჩენების ღამის საათებში გატანას ითვალისწინებდა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს დღესაც და გინდა რომ მთელი ქალაქის მასშტაბით დავიწყოთ ამ პროექტის განხორციელება. თბილსერვის ჯგუფი უკვე მთლიანად მომზადებულია, ავტომობილები მთლიანად გადაწყობილი არიან . თბილისის მასშტაბით საღამოს 10-დან დილის 6 საათამდე გაიტანს ნარჩენებს შესაბამისი სამსახური. თუმცა არის ისეთი ქუჩები, რომლებიც დღის განმავლობაშიც საჭიროებს ნარჩენების გატანას, აქ ისეთი დროებია შერჩეული, რომ პიკი საათებს ავცდეთ და დისკომფორტი მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან," - განაცხადა კახა კალაძემ.