კორონავირუსთან ბრძოლას, მხოლოდ ბოლო დღე-ღამეში კიდევ 49 ადამიანი ვერ გადაურჩა. მათ შორისაა შვიდი თვის ორსული, 30 წლის ქალი ვაქცინირებული არ იყო. ეს საქართველოში ორსულის გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა.
ექიმები ყველას მოუწოდებენ აცრისკენ - სპეციალისტების თქმით, ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზე ჩატარებული ვაქცინა კორონავირუსისგან დედის და ახალი სიცოცხლის გადარჩენას შეძლებს. ქვეყნის პირველი ეპიდემიოლოგის ვარაუდით, შემოდგომიდან ქვეყანაში შესაძლებელი გახდება 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაციაც.
დღეს კიდევ ერთი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა ავლაბარში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრება. ერთ-ერთი პირველი, ვინც ახალ ცენტრში აიცრა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე იყო.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის 60 %-ის ვაქცინაცია მოხდება, ქვეყანა მესამე დოზაზე დაიწყებს მსჯელობას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ბუსტერი გარდაუვალი იქნება.
მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, სამედიცინო დაწესებულებებზე დატვირთვა კვლავ ინტენსიურია, თუმცა ჯერ საწოლფონდის სრული ამოწურვა არ ფიქსირდება. საჭიროების შემთხვევაში კი პირველ საველე ჰოსპიტალში უკვე სრული მზადყოფნაა, დაკომპლექტებული სტაფი და სივრცე უკვე მძიმე - სარეანიმაციო პაციენტების მიღებასაც შეძლებს.
ქვეყნის მასშტაბით უკვე ორი საველე ჰოსპიტალია და საჭიროების შემთხვევაში კიდევ რამდენიმეს მოწყობაა შესაძლებელი, თუმცა მედიკოსები იმედს იტოვებენ, რომ ამოქმედებული შეზღუდვების შედეგები მალე იქონიებს გავლენას კოვიდ სტატისტიკაზე და ახალი სივრცეების მოწყობა საჭირო აღარ გახდება.