ზურაბ ზვიადაური რამდენიმე წუთის წინ საკუთარ სახლში მიიყვანეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ოლიმპიურ ჩემპიონს უფლება მისცეს საკუთარი ძმის დაკრძალვას დაესწროს. პანაშვიდი ახმეტაში დილიდან მიმდინარეობს.
მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. როგორც ცნობილია თელავში მომხდარ დაპირისპირებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ზურაბ ზვიადაურს ბრალდების მხარე იმ პირის მკვლელობას ედავება, რომელმაც მანამდე მის ძმას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ზვიადაურის ადვოკატი კახა ცნობილაძე თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის შექმნილ სიტუაციაში მართლზომიერად მოქმედებდა:
"ის ფაქტი, რომ ზურაბ ზვიადაური არ იცნობდა მოწინააღმდეგე მხარეს, ის ფაქტი, რომ მას კანონიერი იარაღი ჰქონდა, რომ ის მივიდა ძმის გამოსაყვანად, ის რომ მის თვალწინ მოკლეს მისი ძმა და მეგობარი და ორი ადამიანი დაიჭრა და ყველაზე მთავარი, ის ფაქტი, რომ თავდამსხმელს ხელში ეჭირა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ახორციელებდა გასროლას, იძლევა სამართლებრივ საფუძველს, რომ ეს ადამიანი მართლზომიერად მოქმედებდა," - აცხადებს კახა ცნობილაძე.