ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამგორის საველე ჰოსპიტალის რეზერვი სათადარიგო სიაში რჩება. მისივე განმარტებით, თუკი საჭირო იქნება, რა თქმა უნდა მისი გამოყენებაც მოხდება.
"სამგორის საველე ჰოსპიტალში გარკვეულწილად მობილიზებულია სარეზერვო საწოლები, თუმცა საველე ჰოსპიტლის მობილიზება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ მზაობას არ ნიშნავს. ამდენად, ადამიანური რესურსი კონცენტრირებულია იმ პირობებში, სადაც დღეს არის უკეთესად შექმნილი მოვლის შესაძლებლობა. დამატებით ერთი სივრცე გაიხსნა ქავთარაძეზე, რომელიც ინფრასტრუქტურულად სრულად გამართულია. ამდენად, გარკვეულწილად, სამგორის მოსალოდნელი რეზერვი ჩაანაცვლა ქავთარაძის ჰოსპიტალმა. სამგორის რეზერვი რჩება სათადარიგო სიაში და რა თქმა უნდა, თუკი საჭირო იქნება, მისი გამოყენებაც მოხდება.
რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია. ამაზე არაერთხელ ვისაუბრე, რომ 8 000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის გარკვეულწილად ის შესაძლებლობა, რაც ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში გამოვძებნოთ. ეს რესურსი მობილიზებულია, ჰოსპიტლები ცდილობენ დამატებითი რესურსის მობილიზებას, იმ ხარჯზე რომ შეჩერებულია გეგმური ჩარევები. რაც შეეხება დამატებითი სივრცეების მობილიზებას, გეგმის მიხედვით არის გარკვეული მოსაზრება, რომ იყოს ჰოსპიტლებთან ახლოს. ჯერჯერობით დიდ ქალაქებში, ბათუმში, ქუთაისში ხდება დამატებითი ჰოსპიტალების ჩართვა," – აცხადებს თამარ გაბუნია.