საქართველოში კორონავირუსით ორსული ქალის გარდაცვალების მე-11 შემთხვევა დაფიქსირდა. 19 წლის ნორიკო თევზაძე, რომელიც საკეისრო კვეთის შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, აცრილი არ ყოფილა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლეტალობის პრევენციისთვის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა.
"სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, ჩვენებიც ჩართული არიან, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვახდინოთ პრევენცია. ამის პრევენციის ერთი საშუალებაა მარტო - ორსულები უნდა აიცრან," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ახალგაზრდა ქალი ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, 36 კვირის ორსული მათთან 30 ივლისს, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მისი მდგომარეობა 1-ლ აგვისტოს უფრო დამძიმდა, რის გამოც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. მას შემდეგ ის რეანიმაციაში იმყოფებოდა, ხოლო გასულ ღამეს გარდაიცვალა.
"კურიერის" ინფორმაციით, ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის კორონავირუსით ინფიცირებული არ არის.