მედიკოსებისა და სპეციალისტების განცხადებით, პაციენტთა რაოდენობიდან გამომდინარე, კლინიკებში უკვე თავისუფალი ადგილები აღარ არის. ისინი მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ.
როგორც აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლია გოლიაძე ამბობს, პაციენტების რაოდენობიდან გამომდინარე, სასწრაფო დახმარებიდან შემოსულ უამრავ ზარზე მათ უარის თქმა უწევთ.
"კლინიკებში ნამდვილად ადგილი აღარ არის, მე შემიძლია ჩემი კლინიკის მაგალითზე ვთქვა, რომ უამრავ ზარზე სასწრაფოდან გვიწევს უარის თქმა იმიტომ, რომ შემოსული პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს უდასტურდება კოვიდინფექცია. ძალიან გვიჭირს მძიმე პაციენტების გადაყვანა რეანიმაციებში, იმიტომ, რომ პრაქტიკულად რეანიმაციაში ადგილი აღარ არის. ჩვენი რეანიმაცია, რომელიც 20 კაცზეა გათვლილი, 22 პაციენტი წევს დღევანდელ დღეს.
ამიტომ ყველა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, ნუ ვიქნებით გამავრცელებელი ამ საშინელი ვირუსის და ავიცრათ, ავიცრათ, რაც შეიძლება სწრაფად და მეტი," - განაცხადა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია გოლიაძემ.