იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსის პიკი გარკვეულწილად გადავლილია და ახლა დაღმასვლის ეტაპი უნდა დაიწყოს.
როგორი მდგომარეობა იქნება ხვალ, სწორედ იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად ზედმიწევნით იქნება ყველა რეგულაცია შესრულებული.
თამარ გაბუნიას თქმით, ახლა არის სიფხიზლის დრო და ყველამ უნდა გამოიჩინოს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა.
"არის გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები. ჩვენ პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, მაგრამ აქ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა და ამდენად პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც აქამდე გვქონდა გატარებული, ახლა არანაკლებ კიდევ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არ მოხდეს კვლავაც ესკალაცია.
დაახლოებით 2 კვირაა ის პერიოდი, როდესაც შემთხვევების სტაბილიზაციას შემდეგ უკვე მოჰყვება გარდაცვალების სტაბილიზაცია, ასე რომ, ჩვენი მოლოდინიც იმგვარია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, თუმცა მანამდე მოგვიწევს საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.