ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სასკოლო წლის საკლასო ოთახებში დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით, ვერ მიიღებენ.
თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ საკითხთან დაკავშირებით უწყება განათლების სამინისტროსთან ერთად იმუშავებს და ასევე, საკოორდინაციო საბჭოზეც განიხილება.
"სასკოლო გარემოში სწავლის განახლება, რა თქმა უნდა, არის ყველასთვის ყველაზე სასურველი მოდელი და "უნისეფი", ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ამ მიდგომას მხარს უჭერენ. ყველაზე ბოლოს რაც უნდა შეჩერდეს და რასაც უნდა შეეხოს კოვიდრეგულაცია, ეს არის სწავლა სასკოლო გარემოში, ასე იყო პანდემიის პირველი დღეებიდან.
დღევანდელი ეპიდემიური სიტუაცია საკმაოდ რთულია. ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, ჯერჯერობით, ვერ მოხდება.
ასევე, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის სტატუსი. პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს ძალიან აქტიურად.
სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენ ვიმუშავებთ განათლების სამინისტროსთან, ასევე, ეს საკითხი იქნება განხილული საკოორდინაციო საბჭოზე," - აცხადებს თამარ გაბუნია.