26 აპრილი 2024,   04:51
ვრცლად
წამზომი ჩართულია - 48 საათზე ნაკლებ დროში აშშ-ის 20-წლიანი მისია ავღანეთში დასრულდება, ქაბულის აეროპორტთან დაძაბულობა მატულობს

48 საათზე ნაკლებ დროში ამერიკის 20-წლიანი მისია და მასშტაბური საევაკუაციო პროცესი დასრულდება. წამზომი ჩართულია და დაძაბულობა აეროპორტთან ყოველდღიურად მატულობს. სისხლიანი თავდასხმის მცდელობა, რომლის უკანაც ისლამური სახელმწიფო იდგა, ჩავარდა, შეერთებული შტატების დრონებმა თვითმკვლელი ტერორისტის მანქანა ააფეთქეს. იერიში დასახლებულ წერტილში მოხდა, რასაც 9 ადგილობრივი, მათ შორის - ბავშვები ემსხვერპლნენ. 12 საათზე ნაკლებ დროში კი ტერორისტებმა მორიგი იერიში, ამჯერად, პირდაპირ ქაბულის აეროპორტზე მიიტანეს. რადიკალების მიერ გასროლილი 5 რაკეტა ამერიკის ანტისარაკეტო სისტემამ გააუვნებელყო.

სანამ აეროპორტზე თალიბანი სრულ კონტროლს დაამყარებს, აშშ-ის სამხედრო ძალებმა თავიანთი დაზვერვის ბაზა ააფეთქეს იმისთვის, რომ მათი ინვენტარი რადიკალურ მოძრაობას ხელში არ ჩავარდნოდა. ამ დროისთვის, ქაბულში ამერიკელი დიპლომატები და სამხედროები იმყოფებიან.

თალიბანი პირობას დებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოგზაურობის ნებართვის მქონე ავღანელებს ქვეყნის დატოვების საშუალებას მისცემს, თუმცა დასავლეთი თალიბანის დაპირებებს არ ენდობა.

ავღანეთის თემაზე სასაუბროდ დღეს კანადის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ონლაინშეხვედრას გამართავენ. საფრანგეთი და ბრიტანეთი კი გაეროს მოუწოდებენ, რომ ჰუმანიტარული ოპერაციების დასაცავად ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში "უსაფრთხო ზონის" შესაქმნელად იმუშაოს.

ქაბულის აეროპორტის ტერაქტის მსხვერპლ ამერიკელ სამხედროებს კი შტატების პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პატივი მიაგეს. ჯო და ჯილ ბაიდენები დელავერში მდებარე სამხედრო ბაზაზე ჩავიდნენ და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

დღის ამბები