ეკომიგრანტებს, დევნილებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ბინები დაუკანონდათ. ბინების პრივატიზაციის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლება იყო ჩართული. ბინები, რომლებიც ოჯახებს გადაეცათ, მათ წლების განმავლობაში მუდმივ მფლობელობაში ჰქონდათ, დღეიდან კი ფართები მათ სახელზეა რეგისტრირებული.
ბინების გარდა, გრძელდება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის პროცესი დევნილი მოსახლეობისთვის - თბილისსა და ბორჯომში ბინათმესაკუთრეთა 4 ამხანაგობას, სადაც, სულ რეგისტრირებულია 163 დევნილი ოჯახი, გადაეცემა 30-მდე ფართი.
სხვადასხვა სამინისტროს შუამდგომლობების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, დამტკიცდა ოთხი განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 300-მდე ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართები.
სტატისტიკის მიხედვით, 2012 წლიდან დღემდე დევნილ ოჯახებს 21 971 ბინა გადაეცათ. 2019, 2020 და 2021 წლებში სოციალურად დაუცველ და პირებს, რომლებიც სარგებლობდნენ უძრავი ქონებით წლების განმავლობაში, საკუთრების უფლების გარეშე 550 პირს ბინა გადაეცათ.