20 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
"შესასვლელი კარიდან მოადუნა ყურადღება, ვიხელთეთ დრო და გამოვიქეცით" - ერთ-ერთი მძევალი ყვარელში ბანკზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებულ პირს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. შალვა მელიქიშვილი ამ დროისთვის კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

"კურიერი" დღეს ერთ-ერთ მძევალს ესაუბრა, რომელმაც ბანკში თავდასხმის დროს მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრა.

"მძარცველის შემოსვლა მე არ მინახავს, შემდეგ დაგვადგა თავზე და მოგვაქუჩა ერთ ადგილას. აგრესიით არ გამოირჩეოდა, უბრალოდ ითხოვდა, რომ დაგვერეკა 112-ში და გვეთქვა რაც მოხდა - მძევლები ჰყავს აყვანილი და თავის მოთხოვნას შემდეგ წამოაყენებდა. მერე წამოაყენა თავისი მოთხოვნა ფულთან დაკავშირებით. ითხოვდა ნახევარ მილიონ დოლარს და ნახევარ მილიონ ლარს. ეკეთა შავი სათვალე და შავი პირბადე, ფაქტობრივად სახე არ უჩანდა, შემდეგ ნიღაბიც გაიკეთა.

სამხარეო პოლიციის უფროსი სთხოვდა, ემუდარებოდა, რომ გამოეჩინა გულისხმიერება და ქალბატონები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

შესასვლელი კარებიდან მოადუნა ყურადღება მძარცველმა, ვიხელთეთ დრო და გამოვიქეცით," - განაცხადა ერთ-ერთმა მძევალმა.

რაც შეეხება თავდასხმელის მეზობლებს, ისინი "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, რომ თავდამსხმელი დროებით უმუშევარი იყო.

"ჩვეულებრივი პიროვნებაა, ჩხუბი და დავიდარაბა მაგას არ აუტეხია. მშვიდი, ჭკვიანი პიროვნებაა. დროებით უმუშევარი იყო მე მგონი, იმიტომ, რომ სასადილოებში მუშაობდა ხოლმე. დღეს ფინანსური პრობლემა თითქმის ყველას აქვს, მით უმეტეს უმუშევარ კაცს," - აღნიშნა თავდამსხმელის მეზობელმა.

მელიქიშვილი ბანკში გუშინ შეიჭრა, აიყვანა მძევლები და ის სამართალდამცველებმა სამსაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს.

 

დღის ამბები