კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა შემცირდა - გასული თვის განმავლობაში, ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 1000-ს ჩამოსცდა. ყველა იმ ინდიკატორმა, რომელიც ვირუსის გავრცელების მასშტაბებს განსაზღვრავს, საგრძნობლად დაიწია, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი უკვე 5.5%-ია.
ასევე, უკვე ხვალიდან ამოქმედდება სპეციალური პორტალი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა დაწესებულება გადაამოწმებს, არის თუ არა პირი ვაქცინირებული.
"კურიერის" რესპონდენტებს კარგად ესმით პირბადის ტარების მნიშვნელობა. დღეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში წესების დაცვით გადაადგილდებოდნენ და სხვებსაც იმავე ზომების დაცვას სთხოვდნენ, რადგან ტრანსპორტის გაჩერება მოქალაქეებისთვის კილომეტრებით ფეხით გადაადგილებასა და ორმაგ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
სტაბილური მდგომარეობა რომ შესაძლოა ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვალოს, ამაზე ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი საუბრობს.
მობილობის გაზრდა აშინებთ კოვიდმიმღები განყოფილების ექიმებს, სადაც რეანიმაციებში ჯერ კიდევ რთული მდგომარეობაა. იმისთვის, რომ საავადმყოფოებში მძიმე პაციენტების რიცხვი შემცირდეს, რეგულაციების დაცვასთან ერთად მეტი ადამიანის აცრის აუცილებლობაზე საუბრობენ.
კლინიკებში ისევ რჩება სპეციალური ზონები, სადაც მოქალქეებს კოვიდტესტების გაკეთება უფასოდ შეუძლიათ. ყველა სახელმწიფო პოლიკლინიკასა თუ ამბულატორიულ ცენტრებში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონეს ლაბორატორიული მომსახურება უფასოდ ეკუთვნის. დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რომ სწრაფი და PCR ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ არის.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის ტემპების გასააქტიურებლად დღეიდან წამახალისებელი ლატარია დაიწყო. ყოველდღიურად ფულად ჯილდოს მიიღებს გათამაშების გამარჯვებული ვაქცინირებული მოქალაქე. ასევე გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ იმ კერძო კომპანიის თანამშრომლები, სადაც მეტი ადამიანი იქნება აცრილი.
"რუსთავი 2-ს" აქვს ამბიცია მწვანე ზონის სტატუსი ისევ მოიპოვოს. დღეს დილით მოძრავი ამცრელი პუნქტი ტელეკომპანიის ეზოში განთავსდა და დარჩენილი თანამშრომლების ვაქცინაცია განხორციელდა. კომპანიაში თანამშრომლების 80% უკვე აცრილია.