ლეტალობის და ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა კვლავ მაღალია - მედიკოსები ფიქრობენ, რომ მოქალაქეებს მოდუნების საშუალება არ აქვთ და მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა.
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ისევ იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
"დაახლოებით 5 ლოკაციაზე ოპერირებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ჯგუფები. ასევე, არის აცრის ავტობუსები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბნებში არიან. დღის განმავლობაში დაახლოებით 5 000-მდე ადამიანი იცრება ჩვენ ლოკაციებზე. ვაქცინაციის პროცესი მცირედით შენელებულია, ამიტომ მე მოვუწოდებ მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად გააქტიურებისკენ," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა, ნოდარ ჩიმაკაძემ.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის პროცესში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები აქტიურად ერთვებიან. ცოტა ხნის წინ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტანმოვარჯიშე და ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი, სალომე ფაჟავა ჩინური წარმოების ვაქცინით - Sinopharm-ით აიცრა.