ვის შეეხება მერიის პროგრამა "60+" - კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში ამოქმედდება სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყველა ის ოჯახი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს მინიჭებული, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვექმნა ახალი პროგრამა, რომლის სახელი არის "60+". ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი, უკვე 60 წლის ზემოთ და შესაბამისად, მათთვის გვინდა შევქმნათ შესაბამისი სივრცეები ქალაქის ყველა რაიონში. არც ერთი თბილისელი უსახლკაროდ არ დარჩება, ეს არის ერთ-ერთი ჩვენი დაპირება.
ჩვენ გვყავს, დაახლოებით, 400 ასეთი ოჯახი, ვისაც უსახლკაროს სტატუსი უკვე მინიჭებული აქვს და ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევქმნით შესაბამის საცხოვრისს და მათ გადავცემთ იმისთვის, რომ ისარგებლონ ამ ფართებით,"- ამბობს კახა კალაძე.
თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი ქალაქის განვითარების 7 პოლიტიკის წარდგენას განაგრძობს. შვიდიდან ერთ-ერთის, სოციალური პოლიტიკის შესახებ პრეზენტაცია სწორედ დღეს გაიმართა.