დმანისის დაპირისპირებაზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი - ენმ-ის წევრების თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ისინი სოფელ განთიადში მომხრეებს ხვდებოდნენ. როგორც ენმ-ში ამბობენ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს პროვოკაციის მოწყობა სურდათ, მათ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, ფიზიკური, ამასთან გამოყენებული იყო დანაც, რის შედეგადაც, დაჭრილია 2 პირი.
"ნაციონალური მოძრაობა" აღნიშნულ დაპირისპირებაში ადანაშაულებს "ქართული ოცნების" მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდამჭერებს, მათ შორის მაჟორიტარობის კანდიდატის შვილსაც.
ენმ-ს ასევე აქვს ვიდეომასალა, რომელიც მათი თქმით, პოლიციას გადაეცემა.
"ქართული ოცნების" აქტივისტებმა და სუსის იმუნიტეტიანმა პირებმა, რომლებიც სუსშიც მუშაობენ და "ქართულ ოცნებაშიც", მოაწყვეს სოფელ განთიაში ჩვენი შეხვედრის დროს პროვოკაცია, რასაც მოაყოლეს ფიზიკური დაპირისპირება და 2 ჩვენი შტაბის წევრი არის დაჭრილი ცივი იარაღით. როგორც მე მითხრეს, მათი მხრიდან დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი, დავით დაუთაშვილი იყო დანით შეიარაღებული," - აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ტატუაშვილმა.
რაც შეეხება "ქართულ ოცნებას," "მმართველ გუნდში" ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ მათ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. "მმართველი გუნდის" აქტივისტები აცხადებენ, რომ საარჩევნო შეხვედრაზე ჩხუბი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ერთმანეთში მოუვიდათ.
"შეგვაგინეს და ეგ იყო... ჩვენ უნდა შევხვედრილიყავით. მივედით და დაიწყეს წივილ-კივილი ქალებმა. გოგოები არიან, ავჩარკები არიან, ვინ არიან ვერ გავიგე... შეურაცხყოფა მოგვაყენეს, მერე ჩხუბი დაიწყეს, ერთმანეთში იჩხუბეს. უცხო ხალხი ჰყავდათ ბევრი მოყვანილი. ადგილობრივებს ეგონათ, რომ ისინი ამათ ურტყამდნენ და ერთმანეთში იჩხუბეს. ჩვენც ვიდექით და სეირს ვუცქერდით. ჩვენ არ ვყოფილვართ ჩხუბში მონაწილეები," - განაცხადა "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ბორის ციხელაშვილმა.