ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, სალხინოს ეკლესიის ეზოში, ლოცვის ნაცვლად დილიდან სასულიერო პირების უცენზურო რეპლიკები ისმოდა. ჭყონდიდის ეპარქიაში შვიდთვიან დაპირისპირებაში მყოფი სასულიერო პირები ერთმანეთთან ბილწსიტყვაობასა და წყევლასაც არ მორიდებიან.
დაპირისპირებამდე მოქმედმა და უკვე განკვეთილმა სასულიერო პირებმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს. რამდენიმეწუთიანი მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემდეგ, მღვდელმსახურებმა ერთმანეთს წარსული კიდევ ერთხელ გაუხსენეს.
ყველაფერი ეპარქიის მიტროპოლიტის გადაწყვეტილებით დაიწყო. იმ ბრძანებით, რომლის მიხედვითაც მეუფე სტეფანემ ექვსი მღვდელმსახური მონაზონთა და სასულიერო პირთა დასიდან განკვეთა. მკაცრ განაჩენს განდევნილების პროტესტი მოჰყვა.
ჩაერევიან თუ არა სასულიერო პირების დაპირისპირებაში სამართალდამცველები ეს განდევნილ მღვდელმსახურებზე და მათ პოზიციაზეა დამოკიდებული. ისინი აზრის შეცვლასა და დამორჩილებას არ აპირებენ.
განკვეთილები იმ მონასტრის კელიებში რჩებიან, სადაც ისინი წლების განმავლობაში მსახურობდნენ. ახლა კი, ისინი მეუფის ბრძანების იძულებით აღსრულებას ელოდებიან. მიტროპოლიტი დაპირისპირებულ მხარეს კელიების დასატოვებლად რამდენიმე დღეს აძლევს.