20 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
შალვა და ზური წოწორიები ექსპრეზიდენტთან შეხვედრას არ უარყოფენ - რა ხდებოდა დღევანდელ სხდომაზე და შესაძლოა თუ არა, ბრალდებას მამა-შვილთან სხვა პრეტენზიებიც ჰქონდეს

შალვა და ზური წოწორიები ექსპრეზიდენტთან შეხვედრას არ უარყოფენ, მაგრამ ამაში კანონდარღვევას ვერ ხედავენ. წარდგენილ ბრალს აბსურდულს უწოდებს მათი უფლებადამცველიც. გიორგი გოგინავა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას არ უარყოფენ. დღესვე, სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა მამა-შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ მოსამართლეს გირაოს გადახდა შესთავაზეს. 

საქმის პროკურორმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რას ედავება ფოთის პორტის თანამშრომელ მამა-შვილს გამოძიება. ბრალდების მხარე სასამართლო სხდომაზე წოწორიებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, რაც მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დააკმაყოფილა.

არ არის გამორიცხული, რომ შალვა და ზური წოწორიებს ბრალი დაუმძიმდეთ. 

წოწორიებს სასამართლოსთან დღეს გულშემატკივრებიც ელოდნენ, რომლებიც მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩნენ. ერთ-ერთმა მათგანმა კურიერს უთხრა, რომ შალვა წოწორია, რომელიც მისი შვილის თანამშრომელია, ბოლოს 29 სექტემბერს დილით ნახა, როცა ფოთის პორტში მიდიოდა.

ქმრისა და შვილის უდანაშაულობას ამტკიცებს ოჯახის დიასახლისი. ვერა წოწორიას არც სააკაშვილისა და მისი ქმარ-შვილის შეხვედრის სჯერა.

შალვა და ზური წოწორიების დაკავებასა და ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ფოთის ნავსადგურის გავლით შემოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დღეს ფოთის საზღვაო ნავსადგურში გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ამ საკითხის შესახებ არაფერი იციან.

შალვა და ზური წოწორიებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც მძიმე დანაშაულის დაფარვას გულისხმობს და 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. იმავე მუხლით არის დაკავებული ელგუჯა ცომაიაც, რომლის სახლშიც დააპატიმრეს ექსპრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირების საქმის გამოძიება ისევ გრძელდება. 

დღის ამბები