28 წლის თომას კენედი, ბრიტანეთის მოქალაქე, საქართველოში ორი თვის წინ ჩამოვიდა. 8 ოქტომბერს კი, მისი ცხედარი მდინარე მტკვარმა სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე გამორიყა.
ცხედარს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. გაირკვა, რომ საქართველოში სტუმრად მყოფ უცხოელს ოთხი ადგილობრივი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მტკვარში გადააგდეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ოთხი ახალგაზრდა ალკოჰოლურ სასმელს გორში იმ მიწისქვეშა გადასასვლელში სვამდა, სადაც ხშირად უკრავდნენ და მოწყალებას ითხოვდნენ. მოგვიანებით მათ თომას კენედი შეუერთდა, რომელიც პროფესიით მუსიკოსი იყო. მამაკაცებმა ალკოჰოლის მიღება ქალაქის ცენტრში მდებარე ბარში განაგრძეს. კონფლიქტიც სწორედ იქ დაიწყო.
გამოძიების ინფორმაციით, ბარში ოთხ ადგილობრივსა და ბრიტანეთის მოქალაქეს შორის კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა მტკვრის სანაპიროსთან გადაინაცვლეს, სადაც თომას კენედს ჯგუფურად გაუსწორდნენ. დანაშაულს შეესწრო, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა მკვლელობაში ბრალდებულების მეგობარმა, რომელსაც ბრალი მკვლელობის დაფარვისთვის წარუდგინეს.
რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და რატომ გაუსწორდა ადგილობრივების ოთხკაციანი დაჯგუფება უცხო ქვეყნის მოქალაქეს? გამოძიება დანაშაულის მოტივს არ ასახელებს და მხოლოდ იმას განმარტავს, რომ მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის უმცროსი 17 წლის, უფროსი კი 28 წლის არის. მკვლელობაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ელით.