23 აპრილი 2024,   19:35
ვრცლად
ჩემი ძმისთვის შეუთავაზებიათ მოდი გავძარცვოთო..." - რას ყვება ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ძმა 

გორში მოკლული ბრიტანეთის მოქალაქის საქმეზე დაკავებული პირებისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

ცნობილია, რომ 5 დაკავებულიდან 4-ს, მათ შორის ერთს არასრულწლოვანს თომას კენედის განზრახ მკვლელობა და ძარცვა ედებათ ბრალად, ხოლო მეხუთე პირს, ვასილ ოქროპირიძეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. ხუთივე დაკავებულის მიმართ პროკურატურა სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

დაკავებულები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.

"ჩემი შუამდგომლობა იქნება შესაბამისი იმ პოზიციისა, რასაც ანვითარებენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები. ისინი სარგებლობენ დუმილის უფლებას, შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ წარდგენილ ბრალდებაში, ეს მათი უფლებაა. თუ გორის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც არ იქნება ჩვენთვის მისაღები, ჩვენ ერთობლივად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან ვიმსჯელებთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით," - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ვასილ ოქროპირიძეს, მისი ძმების თქმით, დაკავებულმა არ იცის კანონები, რომ სხვა პირების მხრიდან დაგეგმილი დანაშაული პოლიციისთვის უნდა ეცნობებინა. დაკავებულის ეთ-ერთი ძმა ასევე ამბობს, რომ ვასილ ოქროპირიძემ თომას კენედი და დანარჩენი დაკავებულები ბარში დატოვა და ტერიტორიას გაეცალა, მისივე თქმით, ამ ფაქტს ბარის თანამშრომელიც ადასტურებს.

"ჩემი ძმისთვის შეუთავაზებიათ ამ პირებს, რომ მოდი გავძარცვოთო, ამას განუცხადებია უარი. ჩემმა ძმამ არც იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, კანონები არ იცოდა და არც იცოდა, რომ უნდა დაკავშირებოდა პოლიციას," - აცხადებს იოსებ ოქროპირიძე.

შესაბამისად, ბრალდებულის ძმები ელოდებიან, რომ სასამართლო ვასილ ოქროპირიძეს დარბაზიდან გაათავისუფლებს.

"ძალიან გული დამწყდა მაგ ადამიანზე, ვინც მოკლეს, წუხელის ვნახე მაგ ბიჭის ფოტო-ვიდეო, რომ მღეროდა. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ეს გააკეთა და ვინც არის დამნაშავე, არ ვიცი ზუსტად ვინ არის დამნაშავე, შეიძლება ამ ოთხიდან ყველა არ იყოს, გადაწყვეტს მოსამართლე," - აცხადებს გიორგი ოქროპირიძე.

თომას კენედის საქმეზე სულ 5 პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ბრიტანეთის მოქალაქეს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მტკვარში გადააგდეს.

დღის ამბები