ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე, შესაძლოა, ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდეს - ამის შესახებ დაცვის მხარემ დღესაც ისაუბრა. ბინის მეპატრონესა და დაქირავებული მუშების ადვოკატები ამტკიცებენ, რომ არსებობდა კონკრეტული პროექტი, რომელის მიხედვითაც კორპუსის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. საქმეზე ამ დროისთვის 3 ადამიანია დაკავებული. ადვოკატები უახლოეს პერიოდში ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებასაც გეგმავენ.
ტრაგედიის დროს დაღუპულები დღეს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა. სამძიმარზე ერთობლივად მივიდნენ ის მეხანძრე-მაშველები, რომლებიც 29 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად ცდილობდნენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას.
სწორედ მათ გადაარჩინეს ზვიად თავდგირიძე, რომელიც თითქმის 11 საათის განმავლობაში ბეტონის ნანგრევებში ვერტიკალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დახმარებას ელოდა. მას ხვალ რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.
26 მაისის 13 ნომერთან უკვე მეოთხე დღეა "გლოვის კედელია" აღმართული, სადაც მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა, ეს დღე საბედისწერო 9 ადამიანისთვის აღმოჩნდა. დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. დაშავდა ორი ადამიანი. გამოძიების ვერსიით, შენობის ნგრევა მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.