რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა დღეს კიდევ ერთხელ მოინახულეს.
ადვოკატების ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს გადაადგილება უჭირს.
ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ ხვალ აქციაზე გავიდნენ.
"მიშა არის მორალურად უაღრესად მხნედ და მოუწოდებს საზოგადოებას, ქართველ ხალხს, რომ ხვალ ყველანი გამოვიდნენ აქციაზე, ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არ არის ენმ-ის აქცია, ეს არის საერთო სახალხო აქცია, საზოგადოების მკაფიო პასუხი ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულებაზე," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუარესებულია.
"ვიზუალურად აღიქმება ის უარყოფითი შედეგები, რაც შიმშილობამ უკვე გამოავლინა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, დღეს ეს არის საკმაოდ თვალშისაცემი სიფერმკრთალე, რაც აქამდე არ შეგვინიშნავს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ექიმის ვიზიტი," - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
უკვე მესამე დღეა სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-13 დღეა, შიმშილობს.