ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე კორპუსიდან მოქალაქეთა სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს. საინჟინრო ექსპერტიზის განმეორებითი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პირველ სართულზე დაზიანებულია მზიდი კედელი, რის გამოც შენობაში ცხოვრება სახიფათოა.
კორპუსების მცხოვრებლების ევაკუაცია დროებით, პრევენციის მიზნით ხორციელდება იქამდე, ვიდრე კორპუსზე გამაგრებით სამუშაოებს ჩაატარებენ.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის განცხადებით, კორპუსის პირველ სართულზე კომერციულ ფართს აწყობდნენ და მზიდი კედლის დაზიანება ამან გამოიწვია. მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ ექსპერტიზის სამსახურიდან და სთხოვეს მეზობლების ინფორმირება.
60-მდე ოჯახი დროებით საცხოვრებელში გადადის. რამდენიმე საათში, კორპუსში შესაბამისი სამსახურები კომუნიკაციებს გათიშავენ. მოქალაქეებს ბინიდან პირადი ნივთები გააქვთ.
ამ წუთებში, მოსახლეობასთან ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლელა სურმანიძე მივიდა.