საქართველოში შესაძლოა უახლოეს დღეებში ოფიციალურად განაცხადონ, რომ პანდემიის მე-5 ტალღა დაიწყო. COVID-19-ის მეხუთე ტალღას, საქართველო ვაქცინირებულთა განსაკუთრებით დაბალი რაოდენობით ხვდება, რაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ინფორმაციით, ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება. ბოლო დღეების განმავლობაში აცრების რაოდენობამ მნიშვნელოვნად დაიკლო, ინფიცირების შემთხვევები კი საგანგაშოდ იზრდება.
"ტვინდემიის" საფრთხე მდგომარეობას უფრო ამძიმებს. ექიმები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში პაციენტების სიცოცხლის გადარჩენა კიდევ უფრო რთული იქნება. სწორედ ამიტომ, მათ მოწოდებას, რომ მოქალაქეებმა კოვიდვაქცინა გაიკეთონ, ახლა სეზონური გრიპის იმუნიზაციაში ჩართვაც ემატება.
ვაქცინების ოდენობა ქვეყანაში სულ უფრო იზრდება, დღეს ქვეყანას ლატვიის მთავრობამ 83 070 დოზა Pfizer-ი გადმოსცა, მაშინ როცა იმუნიზაციის პროცესში ჩართვის მსურველთა რაოდენობა დღითი დღე იკლებს.
დღეს COVID სტატისტიკა კიდევ გაუარესდა - ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 5 000-იან ნიშნულს გადაცდა.