20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
"მანქანაში ჩაისვა და ხეს მიახეთქა…" - გურიაში მამაკაცს ცოლზე ძალადობასა და განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ

სავარაუდო განზრახ მკვლელობის ისტორია, რომელიც ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, პირველად facebook-ის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში დაიწერა. ჯგუფის წევრი წერს, რომ ქმრისა და დედამთილისგან მუდმივი ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელმაც თავის შველა ერთ-ერთ თავშესაფარში წასვლით სცადა, ქმარმა მანქანით ხეს განგებ შეაჯახა და მოკლა. 

გარდაცვლილი ქალის თანასოფლელი ამბობს, რომ ქალი ბათუმის ერთ-ერთ თავშესაფარში შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე გაიქცა, თუმცა, რადგან იქ დარჩენა მხოლოდ შეზღუდული დროით იყო შესაძლებელი, უკან, ისევ ძალადობრივ გარემოში მოუწია დაბრუნება მას შემდეგ, რაც ქმარს პოლიციაში ხელწერილი დააწერინეს.  

ამ დრომდე ბურუსით მოცული ავარია, რომელსაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 ოქტომბერს მოხდა.

"ჩემ მეზობლად ერთი გოგო ცხოვრობდა... სოფო. მე ღიმილა სოფის ვეძახდი… იმიტომ, რომ ყოველ ღამე, როცა ქმარი სცემდა, დილით მაინც ღიმილიანი სახით დადიოდა ქუჩაში, რადგან ბავშვები ბაღში მიეყვანა…

ბევრჯერ ვთხოვე, გაშორდი-მეთქი, ათასი თავშესაფარია და თავს უშველე-მეთქი, მაგრამ პასუხი ერთი და იგივე იყო: სად წავიდე, ხომ იცი, დედა არ მყავს და დედინაცვალს ორი ბავშვით ვერ მივადგები, არ შემიშვებსო

ასე გრძელდებოდა დღეები… ქმარი, თუ სახლში არ იყო, დედამთილი სცემდა…

და ამ ყველაფერს თავისი ორი ციცქნა შვილი უყურებდა, მაგრამ დედას ვერ შველოდნენ…

ერთი კვირის წინ, გავიგე, ისევ სცემეს და სახლიდან წავიდაო… ერთ-ერთ თავშესაფარში ყოფილან დედა და შვილები, მაგრამ ჩვენმა დამპალმა და ნაგავმა სტრუქტურამ უფლება მისცა ქმარს დაბრუნებოდა, რადგან დიდი ხანი ვერ იქნებოდნენ თავშესაფარში. ხელწერილი დააწერინა ნაბიჭვარ ქმარს ხელს არ დაარტყამდა…

არც დაურტყია… უბრალოდ, მანქანაში ჩაისვა და ხეს მიახეთქა. ხერხემალში ოთხად გადატეხა…და მერე იძახდა არც მოკვდა და არც მორჩაო…,"- ვკითხულობთ სტატუსში.

"რუსთავი 2" ერთ-ერთ ადგილობრივს დაუკავშირდა. გარდაცვლილი ქალის თანასოფლელი მომხდარის შესახებ მეტ დეტალს ჰყვება, თუმცა მისივე თხოვნით, ვინაობას არ ვასაჯაროებთ. 

პირი, რომელიც "რუსთავი 2-ს" ესაუბრა, ადასტურებს, რომ 31 წლის ქალის მკვლელობას თვითმხილველებიც ჰყავს. მისი თქმით, თანასოფლელებმა დაინახეს, როგორ გადმოვიდა ქმარი მანქანიდან და ამბობდა, რომ ცოლის მოკვლა განგებ სცადა. 

"როცა გადმოჰყავდათ მანქანიდან, მეზობელი ქალები იქვე, ყავას სვამდნენ. გადმოვიდა თავისით ქმარი, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა და ასე გაიძახდა თურმე: 

ხელი არ მოჰკიდოთ მაგას, ეს იჯდა საჭესთან და თვითონ მიეჯახაო. ქალებს უთქვამთ, საჭესთან როგორ იჯდა, გვერდიდან ძლივს გადმოგვყავსო. მერე მისულა, დაუხედავს და უთქვამს - ეს კიდევ არ მოკვდა? გაუშვით ხელი, იმიტომ დავაჯახე, რომ რაღაცა მოსვლოდა, ეს კიდევ ცოცხალიაო? ქალები გაჰკიდებიან ქვებით, აქედან მოშორდიო. ეს ქალები კი ახლა უარყოფენ და ამბობენ, არაფერი ვიცითო,"- ჰყვება რესპონდენტი.

მისივე თქმით, ავარიის დროს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი 31 წლის ქალის ქმარი მთვრალი იყო. 

სავარაუდო მსხვერპლის თანასოფლელი ამბობს, რომ სოფელი ამ ამბავზე დუმს, იმ არგუმენტით, რომ უდედოდ დარჩენილი 2 ბავშვის ბედი ადარდებთ და ახლა მამის ციხეში გაშვებაც არ უნდათ. თუმცა, თვითონ მიიჩნევს, რომ ბავშვებს ოჯახში საფრთხე ემუქრებათ და მათთან ფსიქოლოგისა და სოციალური სამსახურის მუშაობა აუცილებელია.

31 წლის სოფო ცისკარიძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გუშინ გამორთეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე, ჯერჯერობით,  კომენტარს არ აკეთებენ. 

დღის ამბები