ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანენ გლდანში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაა, თუმცა როდის მოხდება მე-3 პრეზიდენტის ციხის საკნიდან, ციხის სამედიცინო ცენტრში ჰოსპიტალიზაცია ეს ჯერჯერობით უცნობია.
მოშიმშილე ექსპრეზიდენტთან რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მისი უფლებადამცველები მივიდნენ.
ადვოკატები იუსტიციის მინისტრის გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც რატი ბრეგაძე "ღამის კურიერის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობდა და თქვა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ის გადაყვანილი იქნება არა სამოქალაქო კლინიკაში, არამედ პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში, სადაც მინისტრის განცხადებით ყველა პირობა არის იმისი, რომ ექსპრეზიდენტის მკურნალობა სწორად წარიმართოს.
უფლებადამცველების პოზიცია უცვლელია და ისინი ამბობენ, რომ საჭიროებისა და აუცილებლობის შემთხვევაში ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში უნდა მოათავსონ. იუსტიციის მინისტრის კომენტარს უფლებადამცველები ხელისუფლების მიერ დაგეგმილ მორიგ პროვოკაციას უწოდებენ.
"იმის ნაცვლად, რომ კონსილიუმის რეკომენდაციების შესაბამისად, როდესაც თავდაპირველად თქვეს თვითონ, რომ ნებისმიერ კლინიკაში გადავიყვანთ, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და დაცვის მხარე მიუთითებსო, ხომ ასე თქვეს? ერთ დღეშივე უარყვეს ეს თავისივე განცხადება და იძახიან დღეს, რომ არა, არა სამოქალაქო საავადმყოფოში, არა იმ კლინიკაში, რომელთანაც პენიტენციურ საავადმყოფოს კონტრაქტი აქვს გაფორმებული, საუბარია "ვივა მედზე", არამედ გადავიყვანთ კვლავ ციხეზე. ეს იცით რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ შიში, დიდი შიში იმის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე," - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.