16 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
მმართველი გუნდი თელავში ენმ-ს კანდიდატ გიორგი ბოტკოველს პროვოკაციაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნების" თელავის შტაბის ხელმძღვანელი "ნაციონალურ მოძრაობას" პროვიკაციაში ადანაშაულებს. პლატონ კალმახელიძემ ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" თელავის მერობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის დავალებით, ცესკოს ოფიციალური გვერდიდან ამომრჩეველთა ერთიანი სიის ნაწილი ამოიღეს და აგიტატორების დახმარებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საცხოვრებელი სახლების ჭიშკრებზე განათავსეს, რომლის მიზანს წარმოადგენს მმართველი პარტიის დისკრედიტაცია.

კალმახელიძის თქმით, ამ ქმედებაში "ნაციონალური მოძრაობა" შემდგომში "ქართულ ოცნებას" დაადანაშაულებს და მოსახლეობას შეცდომაში შეიყვანს.

შტაბის ხელმძღვანელის მტკიცებით, აღნიშნული სიების ამოღება, სადაც ამომრჩევლის ფოტო და ინფორმაციაა განთავსებული, მხოლოდ კანდიდატის მიმართვის საფუძველზე ხდება ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, კალმახელიძე მიიჩნევს, რომ გიორგი ბოტკოველმა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩვეულ ხერხს მიმართა და პროვოკაციები დაიწყო.

თელავის შტაბის ხელმძღვანელის ამ განცხადებას სასაცილოს უწოდებს თელავის მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან". გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ის არჩევნებში იმარჯვებს და "ქართული ოცნება" ამ განცხადებებით თავის სისუსტეს ავლენს.

დღის ამბები