ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ექიმების მიერ გაცემული კვლევებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება დოპლერი და კომპიუტერული ტომოგრაფია. მინისტრის განცხადებით, რამდენიმე ხანში დოპლერის კვლევა ექსპრეზიდენტს საპატიმროშივე ჩაუტარდება. რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გლდანის მე-18 დაწესებულებას აღნიშნული სამედიცინო მომსახურება გააჩნია.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მისივე დავალებით, რეგულირების სააგენტოს მიერ მოხდება გლდანის მე-18 დაწესებულების განმეორებითი შესწავლა, რის შემდეგაც დაიდება შესაბამისი დასკვნა.
"იმ კვლევებს, რომელიც არის გაცემული ექიმების მხრიდან, ეს არის დოპლერი, კომპიუტერული ტომოგრაფია. ამ კლინიკას აქვს დოპლერის აპარატი და რამდენადაც ვიცი, რამდენიმე ხანში ციხეში ჩაუტარდება პაციენტს ეს კვლევა, ვინაიდან ეს არის მობილური დანადგარი, რომლის გადაადგილებაც შესაძლებელი არის და პენიტენციური სამსახური ამას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფს, კომპიუტერული ტომოგრაფი გააჩნია კლინიკას.
გამომდინარე იქიდან, რომ არის ძალიან მაღალი ინტერესი საზოგადოებრივი, თუ რომელ ტიპს შეესაბამება ეს კლინიკა, რა ხარისხის არის, მე დავავალებ რეგულირების სააგენტოს, რომ მოახდინოს განმეორებითი შესწავლა ამ კლინიკის და დადოს შესაბამისი დასკვნა კლინიკის მზაობის შესახებ და უკვე ეს გასაჯაროვდეს იმისათვის, რომ აღარ იყოს კითხვები იმასთან დაკავშირებით, წარმოადგენს თუ არა ეს კლინიკა რომელიმე პაციენტისთვის რისკს.
თუ ეს კლინიკა არ აკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ რისკის ქვეშ დგანან სხვა პაციენტებიც. ჩემთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ყველა პაციენტის ინტერესი იყოს თანაბრად დაცული," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.