20 ნოემბერი 2024,   09:22
ვრცლად
შეამოწმეთ ფოსტა, ფიშინგური წერილი მილიონობით მომხმარებელმა მიიღო - როგორ მივხვდეთ, სანდოა თუ არა ონლაინ მოსული შეტყობინება

როგორ მივხვდეთ, სანდოა თუ არა წერილი, რომელსაც ელექტრონულ ფოსტაზე ვიღებთ - არასამთავრობო ორგანიზაცია "კიბერგუშაგის" ინფორმაციით, თუ თქვენს Gmail-ის ფოსტას შეამოწმებთ, შესაძლოა, დაგხვდეთ წერილი, რომელიც მილიონობით მომხმარებელმა მიიღო. ფიშინგური წერილები უსათაურო და უტექსტოა, თუმცა ახლავს html დანართი, მყვირალა რუსულენოვანი სახელწოდებებით: “დაიწყეთ ფულის შოვნა!”, “ბოლო გაფრთხილება!”, “თქვენი ანგარიში დაბლოკილია!” და ა.შ.

სპეციალისტები ინტერნეტმომხმარებელს აფრთხილებენ, რომ თუ ამ html ფაილს გახსნიან, თაღლითებმა, შესაძლოა, მათ პირად მონაცემებზე მიიღონ წვდომა. ამასთან, სიფრთხილეს ურჩევენ შეტყობინებებსა და სმს-ებთან, რომელსაც უცნობი ადამიანები გზავნიან - მითუფრო, თუ შეტყობინებას ბმული, ან დანართი ახლავს. 

კიდევ რამდენიმე რჩევა - როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან?

ორგანიზაცია "კიბერგუშაგის" ექსპერტები ამბობენ, რომ ფიშინგი მარტივად მუშაობს. ბოროტმოქმედები ინტერნეტმომხმარებელს არწმუნებენ, რომ რომელიმე კომპანიას წარმოადგენენ, შემდეგ ფსიქოლოგიურ ხრიკებს იყენებენ იმისთვის, რომ მომხმარებელმა მათ ლოგინი და პაროლი, ანდაც საკრედიტო ბარათის მონაცემები გაუზიაროს.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ - რა ოსტატურადაც არ უნდა მოგატყუონ კიბერდამნაშავეებმა, ფიშერების ამოცნობა მაინც შეგვიძლია.

მათი რეკომენდაციით, მომხმარებლებმა ყოველთვის უნდა მიაქციონ ყურადღება ამ რამდენიმე დეტალს: 

- თუ არ მოგმართავენ უშუალოდ თქვენ;

- თუ დაჟინებით გთხოვენ პირადი ინფორმაციის გაზიარებას;

- თუ გწერენ გაუმართავი ქართულით;

- თუ გამომგზავნი გეცნობა, მაგრამ წერილი მოულოდნელად მოგდით;

- თუ გაჩქარებენ და საუკეთესო შესაძლებლობის ხელიდან გაშვებით გემუქრებიან;

- თუ გეუბნებიან, რომ რამე მოიგეთ, ან რამეს უფასოდ გთავაზობენ.

დღის ამბები