მიზეზი, რის გამოც გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი მოსამართლის აცილებას ითხოვს, გოგა კუპრეიშვილის მხრიდან, საქმის მიმართ დამოკიდებულებაა. ბრალდებამ შუამდგომლობა პროცესზე უკვე დააყენა.
არაობიექტურობა და ბრალდების პოზიციების დისკრედიტაციაა - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც პროკურატურა დარწმუნებულია, რომ გოგა კუპრეიშვილი უსამართლო და სუბიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ბრალდება ეჭვობს, რომ მოსამართლის წინასწარი განწყობა გახმაურებული მკვლელობის მიმართ , ნაფიც მსაჯულებზე გავლენას მოახდენს და ამით ის მართლმსაჯულების შესახებ კანონს არღვევს.
გოგა კუპრეიშვილის წინასწარ განწყობაზე, საუბრობს მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახი, ახლობლები ყველა სასამართლოს განხილვას ესწრებიან. ცინიზმი, მიკერძოებულობა და ბრალდებულის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულება - სწორედ ამ გარემოებების გამო, მოსამართლის აცილებაზე პროკურატურას თავდაპირველად სწორედ დაზარალებულმა მხარემ მიმართა.
მოსამართლის მხრიდან არაობიექტურობაზე გამოთქმულ ბრალდებებს, ბრალდებულის ინტერესების დამცველი პასუხობს. ადვოკატის თქმით, პროკურორი სასამართლო პროცესებზე განცხადებებით და რეპლიკებით, ხელს უშლიდა დაცვას იმ მტკიცებულებებზე ესაუბრა, რომელიც საქმეში დევს და დაკავებულის უდანაშაულობას ამტკიცებს. მერაბ კობიაშვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია, მისი მეუღლეც და ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას ელოდება
სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, რომლითაც დაცვის მხარე ბრალდებულის გამართლებას აპირებს, პროკურატურა მერაბ კობიაშვილის წინააღმდეგ გამოიყენებს, ბრალდების მხარე ამბობს, რომ მასალაში კარგად ჩანს როგორ ცდილობენ ინციდენტში მონაწილე პირები, მათ შორის მოკლული გორთამაშვილი, სავარაუდო მკვლელის ტერიტორიიდან გარიდებას.
სათვალთვალო კამერებმა გუდაურში სისხლიანი დაპირისპირება გასული წლის თებერვალში გადაიღო. ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მკვლელობით და დაჭრით დასრულდა, სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს მერაბ კობიაშვილი, ის წარდგენილ ბრალს ამ დრომდე არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს, ამბობს რომ მომხდარი აუცილებელი მოგერიება იყო, იმისთვის რომ საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინა.