27 აგვისტო 2026,   22:51
ვრცლად
"თავისი დაწერილი კანონებით მოქმედებენ, სახარებაც თავისი აქვთ" - განკვეთილი ბერები ჭყონდიდის მიტროპოლიტს უკანონობაში ადანაშაულებენ

სალხინოს მამათა მონასტერში ისევ ხმაურია. განკვეთილ ბერებს მონასტრის ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, ნაწილი მათგანი პოლიციაშია გადაყვანილი, თუმცა დანარჩენი ნაწილი მონასტრის მიმდებარედ იმყოფება და ტერიტორიის დატოვებაზე ისევ უარს აცხადებს

"უკანონოდ დასჯილები ვართ და თავისი დაწერილი კანონებით მოქმედებენ, სახარებაც თავისი აქვთ. ვითხოვდით წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით რაც იქნებოდა, ამას ნახავდნენ და ნახავდა მთელი ხალხი,"- აცხადებს ბერი დავითი (ბაჩუკი ხელაია).

მიტროპოლიტ სტეფანეს მხარდამჭერი პირები, რომელთა შორის არიან ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები, მონასტრის ტერიტორიაზე შესვლას ახერხებენ. მათ შორის არიან თბილისიდან ჩასული პირებიც.

"არაფერი პროცესი არ მიმდინარეობს სიმშვიდეა, მე თბილისიდან ჩამოვედი ჩემი ინიციატივით,"- აცხადებს ერთ-ერთი მათგანი

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.

ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე. 

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსა და სამონაზვნო აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და მიმდინარე წლის  სექტემბრის თვეში ეკლესიიდან განკვეთა.

საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიაში წერილი გაგზავნა, რომელშიც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერებისგან საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსის დატოვებას მოითხოვს. ვადა 4 ნოემბრამდე იყო. თბილისიდან გაგზავნილი წერილი 29 ოქტომბრით თარიღდება, ხელს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს.

სასულიერო პირებს, რომლებიც მეუფე სტეფანემ სექტემბრის ბოლოს ეკლესიიდან განკვეთა - სალხინოს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ. თავად განკვეთილები მიტროპოლიტის განკარგულების დამორჩილებაზე უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ ტერიტორიას სინოდის ოფიციალურ განჩინებამდე არ დატოვებენ. 

ხმაური და დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში დილის 6 საათიდან დაიწყო. 
სალხინოს ეკლესიაში, სადაც განკვეთილი პირები წირვას ატარებდნენ, მეუფე სტეფანე ჩოხოსნებთან ერთად შევიდა. მიტროპოლიტმა შეკრებილებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი პროცესში სამართალდამცველები ჩაერთვნენ. მათ რამდენიმე პირი ეკლესიიდან იძულებით გაიყვანეს. მარტვილის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილია 5 ადამიანი - მათ შორის ბერ-მონაზონი დანიელი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები