01 სექტემბერი 2026,   21:39
ვრცლად
მხოლოდ 2 ათასამდე თავისუფალი საწოლი, გაზრდილი მობილობა და შემცირებული პირბადის გამოყენება - ჯანდაცვის სექტორში გართულებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობენ 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კოვიდვითარებასა და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ სიტუაციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მობილიზებულია 9 ათასამდე საწოლი, საიდანაც 7 ათასამდე უკვე დაკავებულია.

"საწოლფონდის დატვირთვა იზრდება, როგორც მოგეხსენებათ ბოლო დღეებში შემთხვევების რაოდენობა კვლავაც მაღალი რჩება.საწოლი მობილიზებულია დაახლოებით 9 ათასამდე,თუმცა  უკვე დაკავებულია 6916. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არის 1678 პირი და რეანიმაციაში 355 ადამიანი," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეპიდვითარებაზე მნიშვნელოვნ გავლენას ახდენს პირბადეების გამოყენების შემცირება და გაზრდილი მობილობა:

"პირბადის  გამოყენებაზე ნებისმიერი 5 ერთეულით მომატებას თუ მივაღწევთ ეს გარკვეულწილად შედეგს მოგვცემს, ასევე მობილობაც, ძალიან მაღალი მობილობა უკავშიდება ბუნებრივია აქციებს. ესეც რა თქმა უნდა კვებავს ეპიდვითარებას და ძალიან საფრთხილოა და ზომები არის დასაცავი," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

NCDC-ის ხელმძღვანელიც აქცენტს პირბადეების გამოყენების შემცირებულ მაჩვენებელზე აკეთებს. ამირან გამყრელიძემ ასევე ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას:

"ეპიდსიტუაციის გაუარესებას ვერ შევაჩერებთ თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრა და არ დავიცავით რეკომენდაციები.35%-ზეა ჩამოსული პირბადის ტარების მაჩვენებელი. მიუხედავად ყოველდღიური მოწოდებისა, ხვეწნისა, მუდარისა მოსახლეობისადმი, რომ ვატაროთ პირბადე, მაინც უგულვებელყოფილია და სამწუხაროდ გვაქვს ის რაც გვაქვს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები