02 სექტემბერი 2026,   19:46
ვრცლად
ანაკლიის პორტში ორი დამაღრმავებელი გემი მუშაობს - აკვატორიის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება

ანაკლიის მომავალი პორტის აკვატორიაში უკვე ორი დამაღრმავებელი გემი მუშაობს. ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში ბელგიური კომპანიის კუთვნილი ფლოტის კიდევ ერთი ხომალდი - Al-Idrisi ჩაერთო. სტრატეგიული პროექტი, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

119 მეტრი სიგრძის მძლავრი ხომალდი პორტში შემოსასვლელ არხსა და მოსაბრუნებელ აუზს მოაწყობს. შედეგად, დიდი ზომის სატვირთო გემები მანევრირებასა და შემობრუნებას უსაფრთხოდ შეძლებენ. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხომალდი ზღვის ფსკერიდან ქვიშისა და გრუნტის მასის ამოღებას უზრუნველყოფს. პორტი, საბოლოოდ, 17,5 მეტრ სიღრმეს მიაღწევს.

ორივე გემის ერთდროული მუშაობა მნიშვნელოვნად დააჩქარებს პორტის აკვატორიისა და შემოსასვლელი არხის მოწყობის სამუშაოებს. ბელგიური კომპანიის ფლოტის პირველი გემი ტალღმტეხის საძირკვლის მოსამზადებელ სამუშაოებს უკვე რამდენიმე კვირაა ახორციელებს. დასრულებულია ზღვის ფსკერის დაღრმავება ტალღმტეხის ძირში, დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე.

დაღრმავების სამუშაოებთან ერთად, 1 376 მეტრის სიგრძის ტალღმტეხიც ეწყობა, რომელიც პორტის აკვატორიას ზღვის ტალღებისგან დაიცავს და უსაფრთხო სივრცეს შექმნის. უწყვეტ რეჟიმში გამოიყენება მძიმე საზღვაო და სამშენებლო ტექნიკა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

საპორტო ინფრასტრუქტურის პარალელურად, მოეწყობა ანაკლიის პორტამდე მისასვლელი ახალი საავტომობილო გზა და რკინიგზა. პროექტის დასრულების შემდეგ, პორტი ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის გაზრდილი რაოდენობის ტვირთების გადაზიდვას. ასევე, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებაში.

 

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები