საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი უკანონო პატიმრის გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მას გამთენიისას ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმის განმარტებით, დროული სამედიცინო ჩარევა გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახებოდა და საფრთხის მოლოდინს შეამცირებდა.
"პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, არის სპონტანური სისხლჩაქცევა, ამჟამად იმყოფება მართვით სუნთქვაზე, პროგნოზი, სამწუხაროდ, ძალიან მძიმეა. სისხლჩაქცევის ადგილი საკმაოდ ცუდი ადგილია, პარკუჭებში გასვლით.
რა თქმა უნდა, თავის დროზე ჩატარებული ოპერაცია შედარებით მცირე შანსს უფრო მოუმატებდა, თუმცა ზოგადი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და კრიტიკული. ნეიროქირურგიული ჩარევა არის ჩატარებული, სისხლჩაქცევის ადგილიდან ჰემატომა ამოღებულია," - აცხადებს ბესტაევის მკურნალი ექიმი.
შეგახსენებთ, ოკუპანტური რეჟიმის უკანონო პატიმარი გენადი ბესტაევი გვიან ღამით ცხინვალიდან თბილისში გადმოიყვანეს. მისი ტრანსპორტირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით მოხდა.
ბესტაევს ოპერაცია ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში ჩაუტარდა. ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.