ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებმა, სპეციალური განცხადებით მიმართეს.
ამ მიზნით, დღეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობა მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბა.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, აქვთ ინფორმაცია, რომ მერია მათთვის სერვისის მიმწოდებელი ინდმეწარმის ტენდერის წესით ჩანაცვლებას გეგმავს, რასაც ბენეფიციარები აპროტესტებენ. მათი თქმით, იმ დარბაზში, სადაც ამჟამად საკვებს იღებენ, პირობებით კმაყოფილები არიან და მისი შეცვლა არ სურთ.
ბენეფიციარებს აქვთ დამატებითი მოთხოვნაც, ისინი კვების დღიური თანხის 1,80 ლარის გაზრდას ითხოვენ.
აღნიშნულ მოთხოვნებს, სოციალურად დაუცველებმა, განცხადების სახე მისცეს, რომელსაც 60 ადამიანი აწერს ხელს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ბენეფიციარებს საკუთარ კაბინეტში შეხვდა და მათი მოთხოვნების შესახებ მოისმინა.
თალაკვაძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მოქალაქეებმა აღნიშნეს, მერი ბენეფიციარებს ვითარებაში გარკვევას და მათი ინტერესების დაცვას დაპირდა.
უფასო სასადილო უკვე სამი წელია საბანკეტო დარბაზ "ნატალიშია" განთავსებული.
ბენეფიციარების კვებას ინდმეწარმე, ნათია ღლონტი უზრუნველყოფს, თუმცა მერიის ინფორმაციით ღლონტის ხელშეკრულებას 31 დეკემბერს ვადა გასდის, შესაბამისად, მერიამ ახალი ტენდერი უნდა გამოაცხადოს.