20 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
დაპირისპირება და პროტესტი საძოვრების გასხვისების გამო - გორში მოსახლეობამ ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადა

ხმაური და პოლიციასთან დაპირისპირება გორში - სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობამ ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადა. მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ საპროტესტო აქციიდან ერთი პირიც განარიდა.

მოსახლეობის პროტესტის მიზეზი იმ მიწების გასხვისებაა, რომელსაც საძოვრად იყენებენ. ამბობენ, რომ ტერიტორია, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, პირველად 2009 წელს გასხვისდა. დახმარებას ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.

სიტუაციის განსამუხტად ადგილზე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც მივიდნენ. მერია ვითარებაში გარკვევისთვის ათდღიან ვადას ითხოვს, სწორედ ამის საფუძველზე შეწყვიტა მოსახლეობამ პროტესტი.

მიწის ახალი მესაკუთრე, გიგა ქათამაძე "კურიერს" უყვება, რომ მას ამ ტერიტორიაზე ბაღისა და საკონსერვო ფაბრიკის აშენება სურს, ასევე აპირებს, რომ იქ ადგილობრივები დაასაქმოს, თუმცა მოსახლეობასთან ვერ თანხმდება.

მერიაში აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა და მას შემდეგ მესაკუთრე რამდენჯერმე შეიცვალა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ "კურიერს" დღეს შესაბამისი დოკუმენტაციაც აჩვენა. ირკვევა, რომ ფართობის ნაწილი გიგა ქათამაძემ რამდენიმე თვის წინ შეისყიდა.

მოსახლეობის პროტესტის მიზეზი სოფელ ზედღულეთში არსებული 75 ჰექტარი მიწის ფართობია, საიდანაც 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრისაა, 25 ჰექტარი კი შპს "ფუდლენდის" საკუთრებაშია. ზეღდულეთის მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ტერიტორიის საძოვრად გამოყენება სურთ, რასაც ახალი მესაკუთრის გეგმები ხელს უშლის.

დღის ამბები