არასრულწლოვანთან დამყარებული სექსუალური კავშირისთვის, ნიკა ტაკიძეს მომდევნო 7 წლისა და 6 თვის გატარება ციხეში მოუწევს.
ბათუმის სასამართლომ, პროკურატურის ბრალის ეს ნაწილი სრულად გაიზიარა, თუმცა 24 წლის მამაკაცი უდანაშაულოდ ცნო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. საუბარია 14 წლის გოგონაზე, რომელმაც ქობულეთში 10 თებერვალს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა გარდაცვლილი მოზარდის დედა.
14 წლის გოგონას თვითმკვლელობიდან 10 თვის შემდეგ დამდგარი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს ნიკა ტაკიძის დაცვის მხარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ბათუმში გამოტანილი სასჯელის გაუქმების მოთხოვნით, ოჯახის ადვოკატმა უკვე მიმართა.
მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუასაც. სულიკო ცეცხლაძეს ოჯახში ძალადობისთვის 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბრალის კიდევ ერთ ნაწილში, რაც მუქარას გულისხმობს ის გაამართლეს.
ტრაგედია ქობულეთში, სოფელ ქაქუთში დატრიალდა. მაშინ გოგონას ცხედარი საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს. მომხდარიდან რამდენიმე დღეში კი, ბაბუა და გარდაცვლილის მეგობარი მამაკაცი ნიკა ტაკიძე დააკავეს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, თუმცა ბრალდებულები, მხოლოდ სექსუალური კავშირის დამყარებისა და ოჯახური ძალადობის ნაწილში გასამართლდნენ.
14 წლის მოზარდის თვითმკვლელობას ნმაშინვე მოჰყვა გამოხმაურებები, გოგონას გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციებიც დაიწყო. ყველა დიდ ქალაქში გაიმართა მსვლელობა "1000 მშობლის მარში", რასაც 100-დღიანი კამპანიაც მოჰყვა, რომელიც გოგონებისა და ქალების მიმართ სქესობრივ ძალადობას უკავშირდებოდა.