ბათუმის საკრებულოში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება - სხდომას წინა მოწვევის საკრებულო ჩაატარებს. დღის წესრიგით სულ 18 საკითხია გათვალისწინებული, აქედან ერთ-ერთი ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტია. სწორედ ამ საკითხის ამოღებას მოითხოვდა ოპოზიცია გუშინ გამართულ ბიუროს სხდომაზე, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, ბიუჯეტი ახალარჩეულმა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს და არა წინა მოწვევის შემადგენლობამ.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე კი აცხადებს, რომ სხდომაზე ბიუჯეტის განხილვა კანონმდებლობის სრული დაცვით ხდება.
"ბიუჯეტის განხილვა სხდომაზე გადის კანონმდებლობის სრული დაცვით. ამიტომ, ის ქმედებები, რომ თქვენ არ გაიტანოთ, ჩვენ გავიტანთ, გაუგებრობის და ჭიდილის იმიტაციას ქმნის. სხდომაზე გათვალისწინებულია 18 საკითხი. რამდენიმე ავარიული სახლის მეპატრონეებს ვაძლევთ ბინებს, ხდება მომავალი წლის ბიუჯეტის გატანა და მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირება,"- აცხადებს სულიკო თებიძე.