ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ "ბათუმელებისთვის სულში ჩაფურთხება" უწოდა ოპოზიციის მცდელობას, ჩაეშალა სხდომა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილება.
მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტის არდამტკიცება ქალაქის პარალიზებას გამოიწვევს.
"შესვენება გამოვაცხადეთ, სხდომა არ ჩაიშალა. ეს იყო თითოეული ბათუმელისთვის სულში ჩაფურთხება, რადგან მომავალი წლის ბიუჯეტის არდამტკიცება ნიშნავს, რომ ქალაქი იყოს სრულიად პარალიზებული. ამიტომ, რას უნდა მივაწეროთ ეს, თუ არა ვთქვათ ხმამაღლა, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა,"-აცხადებს სულიკო თებიძე.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს სხდომის ჩაშლის მიზნით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ქამადაძემ ხსნარი გაუშვა, რომლის სპეციფიკური სუნის გამო სხდომა შეწყდა. სხდომაზე წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტს ამტკიცებს, ამას კი ოპოზიცია კანონდარღვევად მიიჩნევს და აპროტესტებს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ და შენობაშიც მობილიზებულია პოლიცია.