19 აპრილი 2024,   12:20
ვრცლად
ჩვენს წინაშეა სრულიად ახალი გამოწვევა, დავაჩქაროთ "ბუსტერ" დოზების გაკეთება - ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს   

იმ შემთხვევაში, თუ "ომიკრონი" "დელტა" შტამზე უფრო გადამდები აღმოჩნდება, მაშინ მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგება - ასე ეხმიანებიან ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩენას.

მედიკოსები განმარტავენ, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმს კვლავ ვაქცინაცია წარმოადგენს. ასევე უნდა დაჩქარდეს "ბუსტერ" დოზების გაკეთება.

"ახალი შტამი ჯერჯერობით გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში და მის მიმდებარე მეზობელ ქვეყნებში. ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული სხვა კონტინენტებზე, ამიტომ ამ ეტაპზე საუბარი თუ რამდენად შექმნის ის გლობალურად ისეთივე პრობლემას როგორც შექმნა დელტა შტამმა ჯერ ნაადრევია. ერთადერთი რაც დაგვრჩენია ეს არის ვაქცინაციის პროცესის უფრო აქტიურად წარმართვა. თუ ჩვენ ვაქცინაციას კარგად წარვმართავთ, ნაკლებია ალბათობა, რომ წარმოიქმნას მსგავსი შტამები," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განმარტებით, ახალი მუტაციების შესაკავებლად ეფექტური საშუალება "ბუსტერ" დოზების გაკეთება იქნება. 

"თუ რეალურად აღმოჩნდა ისე, რომ "ომიკრონი" "დელტაზე" მეტად მაღალი თვისებებით ხასიათდებდა გადამდებობის თვალსაზრისით, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს წინაშეა სრულიად ახალი გამოწვევა. ყველაზე ეფექტური იქნება ახლა დავაჩქაროთ "ბუსტერ" დოზების გაკეთება. რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს "ბუსტერ" დოზას, მით მეტი იქნება წინააღმდეგობის შესაძლებლობა ამ ახალი მუტაციის წინააღმდეგ," - აღნიშნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.

დღის ამბები