16 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
გიგი უგულავა 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე 2 სამართალდამცველი დაიკითხა, რომელთა განცხადებით, უგულავას დაკავებაში მონაწილეობდნენ. სამართალდამცველების თქმით, უგულავამ მათ "ძაღლები" უწოდა და გზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

თავად უგულავა კი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"3 000 ლარი 48 საათზე რომ გავყოთ გამოვიდა, რომ მარნეულის "კაპეზე" 1 500 ლარი გამოვიდა ერთი კაი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი. ეს ხუმრობა რომ გვერდზე გადავდოთ, ხელისუფლება ცდილობს, რომ ასეთი დაჯარიმებებით, დაკავებებით დააშინოს სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, აბსოლუტური სიბრიყვეა ეს," - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღის ამბები