დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, არსებული მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" კლინიკური მიმდინარეობა რთული არ არის.
მისივე თქმით, ახალი შტამის მთავარი მახასიათებელია ის, რომ რეინფიცირების შემთხვევები სამჯერაა გაზრდილი.
"ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ ის შემოვა, რამეთუ ის უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული. პირველი გამოცდილება რაზეც მიუთითებს, "ომიკრონს" აქვს, დაახლოებით, 3-ჯერ მეტი რეინფიცირების რისკი. წინასწარი ინფორმაციით, მისი კლინიკური მიმდინარეობა რთული არ არის,"- აცხადებს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 46 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი.